ზედნადები
ზედნადები − Overhead – ბიზნესის დანახარჯები, რომლებიც პროდუქტის წარმოების ან მომსახურების გაწევის პროცესში უშუალოდ არ მონაწილეობს, თუმცა აუცილებელია საწარმოო ხაზის ან მომსახურების გამართულად ფუნქციონირებისათვის. გამოყოფენ ფიქსირებულ და ცვლად ზედნადებ დანახარჯებს. ფიქსირებული არის ისეთი ზედნადები დანახარჯი, რომელიც არ არის დამოკიდებული წარმოების ან
მომსახურების მოცულობაზე, მაგალითად, საწარმო შენობის იჯარა, დაზღვევის ხარჯი და სხვა. ფიქსირებულისაგან განსხვავებით, ცვლადი ზედნადები დანახარჯი დამოკიდებულია წარმოების ან სერვისის მოცულობაზე, მაგალითად, როდესაც ქარხანა მეტი რაოდენობის პროდუქტს აწარმოებს და მანქანა-დანადგარების მუშაობის გახანგრძლივების გამო გაიზრდება ელექტროენერგიის
გადასახადი.