თავისუფალი ფულადი ნაკადები

თავისუფალი ფულადი ნაკადები – Free Cash Flow (FCF) – ორგანიზაციის მიერ ოპერაციებიდან გამომუშავებული ფულადი სახსრები, რომლებსაც აკლდება საბრუნავ კაპიტალში განხორციელებული ინვესტიცია და კაპიტალური დანახარჯები. თავისუფალი ფულადი ნაკადები არის ფულადი სახსრები მანამ, სანამ ისინი გადანაწილდება კრედიტორებსა და პარტნიორებზე.
გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

თავისუფალი ფულადი ნაკადები=საოპერაციო მოგება*(1−გადასახადის განაკვეთი)+ცვეთა და ამორტიზაცია−წმინდა საბრუნავი კაპიტალის ცვლილება−კაპიტალური დანახარჯები

არსებობს თავისუფალი ფულადი ნაკადების გაანგარიშების სხვა მეთოდიც, რომლის მიხედვითაც:

თავისუფალი ფულადი ნაკადები=ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან−კაპიტალური დანახარჯები

თავისუფალი ფულადი ნაკადები მიუთითებს, რამდენად ეფექტია­­ნად გამოიმუშავებს ორგანიზაცია ფულს და რამდენად ჯანსაღია
იგი ფინანსური კუთხით. რაც უფრო მეტია თავისუფალი ფულადი ნაკადების ოდენობა, გაფართოებისა და წარმატების მიღწევის მით მეტი შესაძლებლობა აქვს ორგანიზაციას. გარდა ამისა, თავისუფალი ფულადი ნაკადები გამოიყენება კომპანიისა და აქციების შეფასების პროცესშიც. არსებობს თავისუფალი ფულადი ნაკადების სხვა ტიპიც, რომელიც ასახავს ორგანიზაციის მიერ გენერირებულ ფულად სახსრებს, სანამ ისინი განაწილდება პარტნიორებზე. ამ უკანასკნელს ეწოდება თავისუფალი ფულადი ნაკადები საკუთარ კაპიტალზე და გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

თავისუფალი ფულადი ნაკადები საკუთარ კაპიტალზე=წმინდა მოგება+ცვეთა და ამორტიზაცია–წმინდა საბრუნავი კაპიტალის ცვლილება–კაპიტალური დანახარჯები+წმინდა სესხები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *