გრძელვადიანი ვალის აქტივებთან თანაფარდობის კოეფიციენტი
გრძელვადიანი ვალის აქტივებთან თანაფარდობის კოეფიციენტი − Long-Term Debt to Total Assets Ratio – ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიანიშნებს, აქტივების რამხელა ნაწილია დაფინანსებული გრძელვადიანი ვალდებულებებით. გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
გრძელვადიანი ვალის აქტივებთან თანაფარდობის კოეფიციენტი=გრძელვადიანი ვალდებულებები/მთლიანი აქტივები
კოეფიციენტი გამოიყენება იმის შესაფასებლად, რამდენად აქვს ორგანიზაციას შესაძლებლობა, დაფაროს ფინანსური ვალდებულებები – რამდენად გადახდისუნარიანია იგი გრძელვადიან პერიოდში. კოეფიციენტის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს მაღალ რისკზე, რომ კომპანიას შეიძლება ვალის გასტუმრებასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას, დაბალი მაჩვენებელი კი – კომპანიის ფინანსურ სიჯანსაღეზე. მაგალითად, თუ კომპანიის გრძელვადიანი ვალის აქტივებთან თანაფარდობის კოეფიციენტი 2-ის ტოლია, ამ კომპანიის გაკოტრების რისკი საკმაოდ მაღალია და ეს ინვესტორებისთვის იძლევა სიგნალს, რომ სკეპტიკურად შეხედონ ამ კომპანიას და თავი შეიკავონ მის ვალდებულებებში ინვესტირებისაგან (მაგალითად, ამ კომპანიის მიერ გამოშვებული ობლიგაციების შეძენისგან).