Cash Flow Statement

Cash Flow Statement – ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება – ფინანსური ანგარიშგება, რომელშიც წარმოდგენილია კომპანიაში შემოსული და კომპანიიდან გასული ფულადი სახსრებისა და მათი ექვივალენტების მოცულობა. იგი აღწერს, რამდენად ეფექტიანად გამოიმუშავებს და ხარჯავს კომპანია ფულს და ფულადი ნაკადების მიმართულებების ანალიზით ზომავს კომპანიის საქმიანობის ეფექტიანობას მოცემული პერიოდისთვის. თუმცა იგი არ მოიცავს ისეთ არაფულად ხარჯებს, როგორებიცაა: ცვეთა, ამორტიზაცია და სხვა. ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება იყოფა სამ ნაწილად:

1)  ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან – ეს ნაწილი მოიცავს ისეთ ფულად ნაკადებს, რომლებიც წარმოიქმნება უშუალოდ ბიზნესის საქმიანობიდან. მაგალითად, საქონლის გაყიდვიდან და მომსახურების გაწევიდან მიღებული ფულადი
სახსრები, საქონლისა და მომსახურების მომწოდებელთათვის გადახდილი ფულადი სახსრები, დაქირავებულ პირთათვის
და მათი სახელით გადახდილი ფულადი სახსრები და სხვა.

2)  ფულადი ნაკადები საინვესტიციო საქმიანობიდან – ეს ნაწილი მოიცავს გრძელვადიანი აქტივებისა და სხვა ისეთი ინვესტიციების შეძენასა და გასვლას, რომლებიც არ შედის ფულადი სახსრების ექვივალენტების შემადგენლობაში. მაგალითად, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური და სხვა გრძელვადიანი აქტივების შესაძენად გადახდილი ფულადი სახსრები, გაცემული სესხები, სხვა კომპანიის შესყიდვისთვის გაცემული ფულადი სახსრები და სხვა.

3)  ფულადი ნაკადები საფინანსო საქმიანობიდან – ეს ნაწილი მოიცავს ისეთი ფულადი სახსრების მიღებას/გასვლას, რომელთა შედეგადაც რაოდენობრივად და სტრუქტურულად იცვლება საწარმოს საკუთარი კაპიტალი ან/და ნასესხები სახსრები. ასეთი ფულადი ნაკადებია: აქციებისა და სხვა წილობრივი ინსტრუმენტების გამოშვების შედეგად საწარმოში შემოსული ფულადი სახსრები, მესაკუთრეთათვის გადახდილი ფული, საწარმოს აქციების გამოსყიდვის მიზნით ნასესხები სახსრების დასაფარად გადახდილი ფული და სხვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *