Mergers & Acquisition
Mergers & Acquisition − შერწყმა და შეძენა (M&A) – ზოგადი ტერმინი, რომელიც აღწერს კომპანიების გაერთიანებას სხვადასხვა სახის ფინანსური ტრანზაქციის შედეგად. შერწყმისას ერთიანდება ორი ან მეტი კომპანია და ისინი ქმნიან ახალ იურიდიულ პირს ერთი სახელის ქვეშ. შეძენის დროს კი ერთი კომპანია პირდაპირ ყიდულობს მეორეს. შერწყმის ტრანზაქცია შეიძლება დაიყოს სამ ძირითად ტიპად:
1) ჰორიზონტალური – ასეთი ტიპის გაერთიანება ხდება, ბაზარზე გაძლიერების მიზნით, ისეთ ორ კომპანიას შორის, რომლებიც ერთმანეთის მსგავს ინდუსტრიებში მუშაობენ და შეიძლება იყვნენ ერთმანეთის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონკურენტები;
2) ვერტიკალური – ასეთია შერწყმა მიმწოდებელ და მომხმარებელ კომპანიებს შორის, მიწოდების ჯაჭვში საკუთარი პოზიციების
გამყარების მიზნით;
3) კონგლომერატული – ამ ტიპის ტრანზაქცია ხდება სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედ ერთმანეთთან არადაკავშირებულ კომპანიებს შორის, როგორც წესი, დივერსიფიცირების მიზნით. კომპანიების შეძენაც შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად:
1) ნორმატიული – ასეთად ხასიათდება შესყიდვა, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც შემძენი ბევრად აღემატება სამიზნეს და ყიდულობს ამ უკანასკნელის მთლიან აქტივებსა და ვალდებულებებს. გარიგების შემდეგ სამიზნე კომპანია, როგორც იურიდიული პირი, წყვეტს არსებობას;
2) შვილობილი – ასეთი ტიპის შესყიდვისას სამიზნე კომპანია ხდება შემძენის შვილობილი კომპანია, თუმცა განაგრძობს საქმიანობას ცალკე იურიდიულ პირად;
3) კონსოლიდაცია – ასეთი გარიგების შემდეგ ორივე კომპანია წყვეტს ცალ-ცალკე არსებობას და იქმნება სრულიად ახალი ერთეული.